Site icon Civil.ge

პარლამენტმა საგადასახდო კოდექსში ცვლილებების ნაწილი მიიღო

28 აპრილს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც თამბაქოზე აქციზური გადასახადების შემცირებას, თბოელექტრო სადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების დღგ–სგან გათავისუფლებას, 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გადასახადის 80 ლარით განსაზღვრას შეეხება.


ცვლილებების თანახმად, სააქციზო გადასახადი იმპორტირებულ თამბაქოზე შემცირდა 90 თეთრიდან 60 თეთრამდე, ხოლო ადგილობრივ თამბაქოზე – 70 თეთრიდან 40 თეთრამდე.  შემცირდა ასევე აქციზი იმპორტირებულ უფილტრო სიგარეტზე 25–დან 15 თეთრამდე, ხოლო ადგილობრივზე  – 20–დან 10 თეთრამდე.


ამავე პაკეტში იქნა მიღებული საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი ცალკე სახეობებად დაიყო და გადასახადებიც შესაბამისად განისაზღვრა.


დეპუტატებმა 28 აპრილს მესამე მოსმენით განიხილეს, თუმცა კენჭი არ უყარეს,  საგადასახაო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც მეწარმეებისთვის რეგისტრაციის პროცედურების და გადასახადის გადახდის წესების გამარტივებას და ტურიზმის განვითარების შესახებ ინიციატივებს ეხება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)