Site icon Civil.ge

სააკაშვილი: ქართული ღვინის აკრძალვით რუსეთმა რეკლამა გაგვიწია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთს მადლობას უხდის ქართული ღვინის აკრძალვით რეკლამის გაკეთების გამო, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ ნაბიჯით რუსეთში “დიდი სისულელე“ ჩაიდინეს.


“გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ რუსეთს უნდა ვუთხრათ მადლობა, რადგან მაგარი რეკლამა გაგვიკეთა. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოს აქვს ღვინო, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ქართული ღვინის დალევა ნიშნავს თავისუფლების მოყვარე ერების მხარდაჭერას და ეს ძალიან პოპულარულია“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვაში, სადაც ოფიციალური ვიზიტით დღეს გაემგზავრა.


პრეზიდენტმა ღვინის ახალი ბაზრების ათვისებაზეც გააკეთა კომენტარი, რისთვისაც მისი თქმით, ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა უკეთესად უნდა იმუშავონ და “მათ ჩვენ დავეხმარებით“.


“რუსეთის ბაზარზე ჩვენ დავბრუნდებით, მაგრამ ამასობაში, უახლოეს 2 – 3 წელში მთლიანად ავიღებთ ევროპის და ამერიკის ბაზარს. ამერიკის ბაზარი არის ბევრად დიდი, ვიდრე რუსეთის“, – დასძინა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)