Site icon Civil.ge

EBRD–ი მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციით დაინტერესდა

დღეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 3 მაისიდან ლონდონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს ჟან ლემიერს შეხვდა და ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბრიტანეთის ბიზნესფორუმში “ინვესტირება საქართველოში”.


ნოღაიდელისა და ლემიერის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ EBRD დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოში მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციაში.


ამ მიზნისათვის აშშ–ს “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოსთვის 44 მლნ აშშ დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, თუმცა ეს თანხა სრული რეაბილიტაციისათვის საკმარისი არ არის.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელმა ბიზნეს–ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონცენტრირებული იყო ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორების პრივატიზაციაზე, უახლოეს მომავალში კი ინვესტიციების მოზიდვის მხრივ განსაკუთრებული აქცენტი აგრარულ სექტორზე გაკეთდება.


დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელსა და ამერიკული კომპანიის  “Eastwind Maritime Inc“ წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული კომპანიის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმის პორტის მართვის უფლებით გადაცემის ტენდერში მიიღოს მონაწილეობა.


აღნიშნული ტენდერი ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 12 აპრილს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საწყისი ფასი არის 35 მლნ აშშ დოლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი 12 მაისია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)