Site icon Civil.ge

ფალსიფიცირებული ღვინის მწარმოებელთა წინააღმდეგ “ბრძოლა“ გააქტიურდა

ფინანსურმა პოლიციამ იმერეთის რეგიონში რვა ღვინის მცირე საწარმო დალუქა, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ ღვინოს კუსტარული წესით ამზადებდნენ. ასეთი ღვინის საწარმოები ქუთაისში, ბაღდათში, ზესტაფონსა და ვანში იქნა აღმოჩენილი.


დამზადებული ღვინოების სინჯები უკვე გადაეგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ლაბორატორიებს, სადაც დადგინდება მცირე საწარმოებში დამზადებული ღვინოების ხარისხი.


დღესვე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავარი მიმართულება სხვა ქვეყნებში ქართული ღვინის სახელით დამზადებული ფალსიფიცირებული ღვინოების წინააღმდეგ ბრძოლა და ქართული  ბაზრის სეგმენტის დაცვაა.


“უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოხდეს უკრაინაში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში. ფალსიფიცირებული ქართული  ღვინოების წინააღმდეგ ბრძოლა შევთავაზეთ რუსეთის შესაბამის სამსახურებსაც. უნდა ითქვას, რომ ქართული ღვინის სახელით რუსეთში ახლაც იყიდება ადგილობრივი ფალსიფიცირებული ღვინო, რომელიც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, რუსეთმა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ბაზარზე  ქართული და მოლდავური ღვინის იმპორტი აკრძალა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


მისი თქმით, პარალელურად საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისებაზე იმუშავებენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)