საქართველოსა და ნატოს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის 22 მაისს ნატოს ოპერაციების-წვრთნების განხორციელებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ხოლო ნატოს მხრიდან ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის შტაბის უფროსმა გენერალმა რაიენ შუვირსმა მოაწერეს ხელი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა” საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო სექტორის მხრიდან მშვიდობიანობის, კრიზისული, კონფლიქტური და საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო დახმარების, კერძოდ კი ინფრასტრუქტურის გამოყენებას, ლოგისტიკურ უზრუნველყოფას გულისხმობს.
ახალი მემორანდუმი შეეხება ნატო-ს ყველა იმ ოპერაციებსა და წვრთნებს, რომელთა წარმატებით ჩარატებისათვის საჭირო იქნება საქართველოს ტერიტორიის გამოყენება. ყოველი კონკრეტული შემთხვევისას კი საჭირო იქნება ქართული მხარის წინასწარი თანხმობა.
მსგავსი ხელშეკრულება ნატოსა და საქართველოს შორის 2005 წელსაც დაიდო, რომელიც ითვალისწინებდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციისას საქართველოს მხრიდან “მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)