რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ივნისს “გაუგებარი“ უწოდა საქართველოს პრეტენზიებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებში რუსი სამშვიდობოების უკანონო როტაციასთან დაკავშირებით.
თბილისმა გააპროტესტა რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონაში როკის გვირაბის მეშვეობით შემოყვანა და შესაბამისი ვიზების არ ქონა.
“სინამდვილეში კი პირადი შემადგენლობისა და რუსი სამშვიდობოების კუთვნილი ტექნიკის გატარება როკის გვირაბის მეშვეობით ხორციელდებოდა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) არსებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. დადგენილი თანმიმდევრობით ორჯერ – 24 აპრილს და 11 მაისს – როტაციის შესახებ ეცნობათ კომისიის თანათავმჯდომარეებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.
საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ სამშვიდობოების როტაციის ეს წესი ძალაშია 1992 წლიდან, შერეული სამშვიდობო ძალების ჩამოყალიბების დროიდან და ხორციელდება სამშვიდობო ოპერაციის შესახებ შეთანხმებების შესაბამისად.
მოსკოვი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ თავად დაარღვია ეს შეთანხმება 27-28 მაისს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონაში განხორციელებული როტაციის დროს.
რუსულმა მხარემ ასევე უარყო რუსი სამშვიდობოებისათვის ვიზების ქონის საჭიროება.
“რუსეთი შორს არის დააკნინოს ამ ქვეყნის [საქართველოს]სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, დაამციროს მისი ეროვნული სიამაყე. თუმცა არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის გარემოება (და ქართველი პარტნიორები შეგნებულად უკეთებენ ამას იგნორირებას), რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია თბილისის კონტროლის ქვეშ არ არის, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული კონფლიქტის ზონა, რეჟიმი, რომელიც განსაზღვრის პროცესშია და კონტროლდება შსკ-ს და მასზე დაქვემდებარებული შერეული სამშვიდობო ძალების მიერ. ამ პირობებში აბსურდულია მოთხოვო რუს სამშვიდობოებს ქართული ვიზები“, – ნათქვამია კომენტარში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)