Site icon Civil.ge

ბურჯანაძე ანტირუსული რიტორიკისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძე ბიუროს სხდომაზე მოუწოდა დეპუტატებს თავი შეიკავონ ურთიერთობების გამწვავებისაგან რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის წინ, რომელიც 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.


 


მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი თავს შეიკავებს რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებისაგან.


 


“ამ ეტაპზე ჩვენ შემოვიფარგლოთ მხოლოდ [აფხაზეთის] სამშვიდობო გეგმის მოსმენით იმიტომ, რომ ბუნებრივია, თუ ჩვენ სამშვიდობოებთან დაკავშირებით დავიწყებთ საუბარს, შეფასებები იქნება საკმაოდ მწვავე და არანაირი სურვილი არ მაქვს შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე იყოს პოლემიკა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა 5 ივნისს ბურჯანაძემ.


 


მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რომელიც დღეს “ჩიხში“ იმყოფება, გამოსავალი იქნას ნაპოვნი.  


 


“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული შედეგებით დასრულდეს აღნიშნული შეხვედრა“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.


 





 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)