Site icon Civil.ge

ახალაია ომბუდსმენის ბრალდებებს უარყოფს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაჩო ახალაიამ უარყო სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს ახალაია შესაძლო კავშირშია თბილისში 27 მარტს ციხეში მომხდარ ინციდენტთან და მათ “არასერიოზული“ უწოდა.


“ეს [განცხადება] არასწორია… განცვიფრებული ვარ ამ ბრალდებებით და რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება… ეს არის ბინძური პროვოკაცია“, – განუცხადა ბაჩო ახალაიამ 6 ივნისს ჟურნალისტებს.


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 6 ივნისს განაცხადა, რომ 27 მარტს ციხეში მომხდარი ბუნტი, რომლის დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა, ბაჩო ახალაიას მიზეზით დაიწყო. სუბარმა ახალაიას წინააღმდეგ პატიმრის ჩვენება გამოაქვეყნა, რომელიც აცხადებს, რომ იგი 27 მარტის ციხის ინციდენტამდე დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ კი ბაჩო ახალაიასთან თანამშრომლობდა, რათა გამოეგონათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ინციდენტი, როგორც ამას ოფიციალური პირები აცხადებენ, კარგად დაგეგმილი ბუნტი იყო, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.


2005 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების სისტემის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე ბაჩო ახალაია სოზარ სუბარის მოადგილე იყო. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)