Site icon Civil.ge

პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის რესტიტუციის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

დღეს საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ქონების რესტიტუციის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.


კანონპროექტი აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას სურვილის შემთხვევაში თავიანთ სახლებში დაბრუნებაზე და ამტკიცებს მათ უფლებას საკუთრებაზე. ამ პროცესებს, კანონპროექტის მიხედვით, კურირებას საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების მიერ დაკომპლექტებული მიუკერძოებელი კომისია გაუწევს.


კანონპროექტი დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ დეკანოიძემ წარუდგინა. მისი თქმით, რესტიტუციის მიზნებზე ფინანსები ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა ამავე დროს შეიქმნება სპეციალური ფონდი, სადაც თანხების შეტანა შეეძლებათ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის კომიტეტებმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს.


თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კანონპროექტს მიმდინარე კვირაში კვლავ განიხილავს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია და დეტალებს დააზუსტებს.


თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით კი პირველ და მეორე მოსმენას შორის პაუზას კანონმდებლები გამოიყენებენ, რათა კიდევ ერთხელ შეთანხმდეს კანონპროექტის დეტალები კონფლიქტის მხარეებს შორის, რათა საბოლოოდ ოპტიმალური ვარიანტი იქნეს მიღებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)