საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებით, 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მასთან დაკავშირებული ყველა დანარჩენი საკითხი იქნება.
“ჩვენ გვინდა, რომ მკაფიოდ განისაზღვროს, არის თუ არა რუსეთი ამ მიმართულებით ჩვენი სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორი… რა თქმა უნდა, ეს უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპს“, – განაცხადა 9 ივნისს ბრიფინგზე მერაბ ანთაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტების შეხვედრის წინ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
მერაბ ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ 13 ივნისისთვის სანკტ– პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იგეგმება, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მიზნად ისახავს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, რაც “წარმოადგენს ქართული მხარის კიდევ ერთ მცდელობას დაამყაროს რუსეთთან კეთილმეზობლური და ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)