Site icon Civil.ge

სემნები: კონფლიქტები რუსეთთან მოლაპარაკებების მთავარი თემაა

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ რადიო “თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი ახლა უფრო დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონით, ვიდრე ადრე და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები ევროკავშირსა და რუსეთს შორის კონსულტაციების დღის წესრიგის მთავარ თემას წარმოადგენს.


“ის, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, აღარ არის რაღაც აბსტრაქტული და შორი. ეს ევროკავშირის პირდაპირი დაინტერესების ადგილი ხდება… ეს არის რეგიონი, რომელიც მნიშვნელოვანია ენერგო რესურსებისთვის“, – განაცხადა სემნებიმ ინტერვიუში, რომელიც 10 ივნისს გამოქვეყნდა.


მისი თქმით, “რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემატური ურთიერთობები ნორმალური გახდება“, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონფლიქტები მოგვარდება.


“როდესაც რუსეთთან კავკასიის საკითხი განიხილება, სამი “გაყინული კონფლიქტი“, რომელიც ამ რეგიონში არსებობს, დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. ეს კონფლიქტები, კერძოდ კი საქართველოში არსებული კონფლიქტები, არის რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის პირდაპირი საკითხი“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.


“რისიც მე მჯერა და იმედი მაქვს არის ის, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოში არსებული ორი კონფლიქტის მოგვარებას რუსეთთან ერთად, რადგანაც მე ღრმად მჯერა, რომ რუსეთის ინტერესებში შედის ჰყავდეს სტაბილური მეზობლები მისი საზღვრების გასწვრივ, მეზობლები, რომლებთანაც მას პროგნოზირებადი და მეგობრული ურთიერთობები ექნება“, – დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)