Site icon Civil.ge

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ

დღეს თბილისის პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მესამედ დაკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე და შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია, რომლებიც შესაძლოა კავშირში იყვნენ ამ საქმესთან. თუმცა დაკითხვას არ დასწრებია გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი.


თბილისის პროკურორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობაში ოთხ ეჭვმიტანილს, ასევე შს–ს ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, გამოძიებამ საპროცესო გარიგება შესთავაზა: თუ ისინი ამხელენ მკვლელობაში ეჭვმიტანილ სხვა პირებს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, მაშინ მათზე კანონით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდება. 


“ასეთ შეთავაზებას ჩვენ გავაკეთებთ მომავალშიც. კერძოდ, სასამართლოში განხილვის პროცესში“, – განუცხადა 20 ივნისს ჟურნალისტებს გიორგი ღვინიაშვილმა.


მისი განცხადებით, გამოძიების მიერ დაკითხული ყველა პირი სასამართლოზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა “უახლოეს დღეებში“ დაიწყება, საჯაროდ დაიკითხება.


თბილისის პროკურორის ინფორმაციით, დაკავებული ეჭვმიტანილების ბრალეულობა დამძიმდა. “მათ ბრალდებებს [გირგვლიანის მკვლელობაზე] დაემატა სხვისი ქონების განადგურების მუხლი და ასევე შს სამმართველოს ყოფილ უფროსს გია ალანიას დამატებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)