თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ცხინვალი არ გამორიცხავს თბილისის მხრიდან კონფლიქტის ზონაში სამხედრო პროვოკაციებს სანკტ–პეტერბურგში 15–17 ივლისს დაგეგმილი “დიდი რვიანის” სამიტის მიმდინარეობისას, იუწყება “ინტერფაქსი“.
“ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველო სამხედრო პროვოკაციებს ამზადებს რუსი სამშვიდობოებისა და უშუალოდ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ “დიდი რვიანის” სამიტის დღეებში რუსეთზე ზეწოლის მოხდენის მიზნით“, – განაცხადა კოკოითმა 4 ივლისს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხაილ მინძაევმა 3 ივლისს განაცხადა, რომ 5 ივლისს საქართველოს და ამერიკის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ ქართული მხარე დაიწყებს თავისი ჯარების გაგზავნას სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე 5 ივლისის შემდეგ, “ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა აშშ-ს მხარდაჭერა მოიპოვა ქართული-ოსური კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების საქმეში”, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
3 ივლისს კი რუსეთის სათათბიროს დეპუტატებმა, მათ შორის დსთ–ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა, განაცხადეს, რომ ძალისმიერი სცენარის შემთხვევაში სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეები იქნებიან დაცულები, თუ მათ საფრთხე შეექმნებათ. ეს განცხადება რუსმა დეპუტატებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც სათათბიროს სამმა წამყვანმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)