დღეს შვიდი ოპოზიციური პარტიის – ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკელების, კონსერვატორების, მრეწველების, ლეიბორისტული პარტიის, პარტია თავისუფლების, სახალხო ფორუმისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს აკრედიტებულ უცხო ქვეყნის ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიათა ხელმძღვანელებს შეხვდნენ და “ხელისუფლების ძალადობის“ ბოლოდროინდელი ფაქტების დინამიკაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
“ასევე ვთხოვეთ მათ, რომ დააწესონ მონიტორინგი სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მოხდეს ირაკლი კაკაბაძის და დანარჩენი “სინდისის პატიმრების“ გათავისუფლება მათი ზეწოლით, რადგან მსგავსი ფაქტები არსებობს და მათ აქვთ ამის ძალა და საშუალება და ასევე ყურადღება მიაქციონ უნივესტიტეტში მიმდინარე პროცესებს“, – განუცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“დღევანდელი ხელისუფლება ნაწილობრივ მაინც ანგარიშს უწევს ამ მთავრობების პოზიციებს და შესაძლოა ამ შეხვედრამაც თავისი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
უცხოელ დიპლომატებს ოპოზიციამ ასევე გააცნო 30 ივნისს მიღებული ერთობლივი განცხადება, რომლითაც თბილისის საკრებულოს არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)