Site icon Civil.ge

პროკურატურა გირგვლიანის საქმის ახალ გარემოებებს შეისწავლის

თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება შეისწავლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმის ლევან ბუხაიძის მიერ დღეს სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას და “მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას“.


სასამართლოზე ლევან ბუხაიძემ განაცხადა, რომ ტრაგედიის დღეს ოქროყანაში მისი და სანდრო გირგვლიანის ცემას ესწრებოდა შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი, ნაცვლად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ ბიბილურიძისა. მელნიკოვი წინასწარი გამოძიების პროცესში ბუხაიძემ ოფიციალურად ვერ ამოიცნო.


“ყველანაირი საშულება ჰქონდა ბუხაიძეს, რომ მიეცა მისთვის სასურველი ჩვენება [გამოძიების პროცესში]… იგი განმარტავდა, რომ ის ჩვენებები, რასაც ის იძლეოდა წინასწარ გამოძიებაში იყო მართალი, მიუხედავად ამისა ჩვენ მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოვიკვლევთ“, – განაცხადა 5 ივლისს ბრიფინგზე გიორგი ღვიანიაშვილმა.


ოლეგ მელნიკოვი შსს–ს ყოფილ მაღალჩინოსნებთან დათა ახალაიასთან, ვასილ სანოძესთან, გურამ დონაძესთან და ასევე შს მინისტრის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან ერთად იმ სუფრის წევრი იყო შარდენ–ბარში, საიდანაც გასვლის შემდეგ გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)