სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააძლიერა კრიტიკა ზოგიერთი ოფიციალური პირის მიმართ.
“ეს [სანდრო გირგვლიანის მკვლელობა] ისეთი საქმე იყო, რომ მე გადავდგებოდი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვყოფილიყავი“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ 7 ივლისს ტელეკომპანია “იმედის“ პოლიტიკურ თოქ-შოუში”რეაქცია“ საუბრისას.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას მოითხოვენ. მას შსს-ს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების მფარველობაში სდებენ ბრალს, რომლებიც, მათი თქმით, დანაშაულის უკან დგანან.
მმართველი პარტიის გავლენიანმა წარმომადგენლებმა 7 ივლისს განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ შინაგან საქმეთა მინისტრს და მისი გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
გიორგი ხაინდრავამ “დუმილის“ გამო ასევე გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომელიც, მისი თქმით, არ გამოთქვამს პროტესტს გირგვლიანის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ გიორგი ხაინდრავამ ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც მთავრობის სხვა წევრების ოფიციალურ პოზიციაში არ ჯდება. ამან გამოიწვია ქართულ მედიაში ვარაუდები, რომ ხაინდრავა სულ მალე ოპოზიციურ ბანაკში გადაინაცვლებს.
ერთი რომელიმე მინისტრის გათავისუფლება ან გადადგომა ავტომატურად გამოიწვევს მთელი კაბინეტის გადადგომას, რადგან ეს უკვე მეექვსე მინისტრი იქნება, რომელიც 2005 წლის თებერვალში დამტკიცებულ მინისტრთა კაბინეტში შეიცვლება. კანონის თანახმად, მთავრობის წევრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, მთელი კაბინეტი უნდა გადადგეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)