ქართული პრესა, რომელიც 7 ივლისს ფართოდ აშუქებს სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესს, აკრიტიკებს სასამართლოს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო მკვლელობის საქმეში სიმართლის გამოაშკარავება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ ყოფილ თანამშრომელს სანდრო გირგვლიანისთვის სხეულის განზრახ დაზიანებების მიყენების ბრალდებით, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოყვა, რვა და შვიდ–შვიდ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ხელისუფლება საზოგადოების ძლიერ ზეწოლას განიცდის, რადგან საზოგადოება მოითხოვს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა დასჯას, არამედ შს სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების დასჯასაც, რომელთაც, მათი თქმით, დანაშაული შეუკვეთეს.
გაზეთი “24 საათი“ წერს, რომ მართლმსაჯულებამ “საზოგადოების გამოცდას ვერ გაუძლო“.
“გამართლდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოთქმული ეჭვი, რომ მოსამართლე გიორგი ჩემია შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის გამოტანილ განაჩენში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ნამდვილ მოტივს არ დაასახელებდა, ისევე როგორც არაფერს იტყოდა მკვლელობის შემკვეთებზე. 10 დღეში ოპერატიულად ჩატარებული სასამართლო პროცესი, რომელზეც დაზარალებული მხარის პოზიცია, ფაქტობრივად, იგნორირებული იყო, მოსამართლე გიორგი ჩემიამ გუშინ დაასრულა“, – წერს გაზეთი “24 საათი“ 7 ივლისს.
გაზეთის ცნობით, სასამართლომ ვერ შეძლო ეპასუხა იმ კითხვებისთვის, რომლებიც წინასწარი გამოძიების მიერ ღიად იყო დატოვებული.
გაზეთი “რეზონანსი“ თავის სტატიაში სახელწოდებით “საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ“ წერს, რომ მაშინ როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში, საქართველო კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა.
გაზეთი ასევე იტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მთავრობაში გარკვეული ცვლილებებია საჭირო.
“განაჩენი სამართლიანი უნდა ყოფილიყო. ის უნდა შეხებოდა ყველა ფიგურას, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა… ვფიქრობ, რომ ცვლილებები მომწიფდა და ნამდვილად უნდა მივცეთ შესაძლებლობა პრეზიდენტს, რომ ეს თავისუფლად გააკეთოს“, – განაცხადა ხაინდრავამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)