Site icon Civil.ge

ოპოზიცია “რუსთავი 2“–თან ურთიერთობას წყვეტს

ოპოზიციური პარტიების ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკელების, კონსერვატორების, პარტია თავისუფლების, მრეწველების და ლეიბორისტების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უარი თქვეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“–თან თანამშრომლობაზე და წამყვანი ჟურნალისტის ეკა ხოფერიას გადაწყვეტილება ზეწოლის გამო არხის დატოვების შესახებ ქვეყანაში არსებული “ძალადობის გაგრძელებად“ შეაფასეს.


“დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ამ ტელეკომპანიასთან ყოველგვარ თანამშრომლობას, ჩვენ აღარ მივალთ სტუდიაში, არ მივცემთ ინტერვიუებს “რუსთავი 2“–ს და ამით შევეცდებით დავუპირისპირდეთ ძალადობას მედიაში“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
 
ოპოზიციამ “რუსთავი 2“–ს ხელისუფლების “დანამატი” უწოდა. მათი ინფორმაციით, ეკა ხოფერიას განცხადების შემდეგ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილთან და თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად თათბირობდა, რათა ეპოვნა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.


დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკა ტაბატაძემ “მოულოდნელი“ უწოდა მისი კოლეგის და მეგობრის ეკა ხოფერიას გადაწყვეტილებას და უარყო რაიმე სახის ზეწოლა მასზე.


“ისინი [“რუსთავის 2“]არიან ძალადობის მსხვერპლნი,  ისევე როგორც ამ საზოგადოების ძალიან ბევრი წარმომადგენელი, ან მეორე ვერსია არსებობს კიდევ, რომ “რუსთავი 2“ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი ქვეგანყოფილება, ვინაიდან დღეს ნიკა ტაბატაძემ გამორიცხა პირველი შემთხვევა, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ, შსს–ს ქვეგანყოფილებასთან[“რუსთავი 2″–თან]“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)