საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ 10 ივლისს განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აქვს ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბვა იგეგმება.
“რუსეთის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები მასმედიაში, რომ თითქოსდა საქართველო ემზადება სამხედრო გზით გადაჭრას კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში, ეს არის მცდელობა მოამზადონ როგორც რუსეთის საზოგადოება, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა შესაძლო სამხედრო ქმედებებისთვის, რომელსაც რუსეთი, როგორც თვითონ აცხადებს, გამოიყენებს, თუ საჭირო გახდება თავისი მოქალაქეების დაცვა“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მერაბ ანთაძემ.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.
ანთაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აჰყვება პროვოკაციებს და “ჩვენ პარტნიორებთან ერთად შევეცდებით დღის წესრიგის გეგმაზომიერად განხორციელებას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას“.
მან ასევე თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლეგ ალბოროვის მკვლელობას, რომელსაც 9 ივლისს ჰქონდა ცხინვალში ადგილი, “ტერორისტული აქტის საშუალებით პოლიტიკური ოპონენტის მოშორება” უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)