საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 10 ივლისს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები განიხილეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დაკეტვის საკითხი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსანი წარმომადგენლის მკვლელობა, ასევე ოსური მხარის მიერ კონფლიქტის ზონაში საფორტიფიკაციო სამუშაოების განახლება.
ქართული მხარის განცხადებით, ყველა ეს მოვლენა მიმართულია ცხინვალის რეგიონში და საერთოდ, მთელ საქართველოში ვითარების ესკალაციისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესის, განსაკუთრებით კი ბრიუსელში გამართული ეუთოს დონორთა კონფერენციის მიერ მიღებული ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების განხორციელების ჩაშლისაკენ.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას, როგორც ეს განსაზღვრულია სამშვიდობო გეგმის მიხედვით და განაცხადა, რომ რეგიონში დესტაბილიზაციისა და შეიარაღებული კონფლიქტის განახლების თავიდან აცილების მიზნით ყველაფერს გააკეთებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)