Site icon Civil.ge

კოდორში ჯარების გაგზავნასთან ერთად დაძაბულობა იზრდება

გავრცელებული
ინფორმაციით, ქართული სამხედრო კოლონა 25 ივლისს კოდორის ხეობისკენ
დაიძრა თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილის
გადაკვეთის გზით.


ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აფხაზური
წყაროები იტყობინებიან, რომ 30 კამაზის ტიპის ავტომანქანა, 18 “ნივის“ მარკის
ავტომანქანა და ორი ჯავშანმანქანა კოდორის ხეობაში გაემართა, სადაც ემზარ კვიციანია
გამაგრებული თავის გასამხედროებულ ჯგუფ “მონადირესთან“ ერთად. 


ხელისუფლება არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას კვიციანის წინააღმდეგ, რომელმაც
22 ივლისს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.


ქართული წყაროს ცნობით, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა
500-კაციანი შემადგენლობა გააგზავნეს კოდორის ხეობაში.


ამ ნაბიჯმა უკვე გამოიწვია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეშფოთება, რომელმაც
თავისი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.    


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზური ძალები “ადექვატურ
ზომებს“ მიმართავენ, თუ ქართული ჯარები კოდორის ხეობის ქვედა
ნაწილში განთავსებულ სამშვიდობო საგუშაგოს გაივლიან.


კოდორის ხეობის ზედა ნაწილი აფხაზეთის ერთადერთი ტერიტორიაა, რომელიც
სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება.


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთის
ტერიტორიაზე ჯარების განლაგება არის აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის ცეცხლის
შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების თაობაზე 1994 წელს ხელმოწერილი მოსკოვის
შეთანხმების დარღვევა.


1994 წლის მოსკოვის შეთანხმების თანახმად, ქართული ჯარები
უნდა გადაადგილდნენ კოდორის ხეობიდან “აფხაზეთის საზღვრებს მიღმა“.


ინფორმაცია კოდორის ხეობაში ამჟამად არსებული ვითარების თაობაზე მწირია. ქართული
მედიის ცნობით, ხეობასთან სატელეფონო კავშირი 25 ივლისს შეწყდა.


ქართული მედია 25 ივლისს აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის და შინაგან
საქმეთა მინისტრები კოდორის ხეობაში იმყოფებიან, რათა უხუცესთა საბჭოს წევრებს
შეხვდნენ.


მანამდე ქართული მედია ასევე იტყობინებოდა, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის
სამინისტროების ძალები მესტიაში განლაგდნენ.


მესტიიდან კოდორში მიმავალი ერთადერთი უსწორმასწორო გზა უსაფრთხოების ზონის
ჩრდილოეთით, მთებში გადის (იხილეთ
რუქა
). ამ გზას სეპარატისტული ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ამჟამად, ამ
გზას ქართველი სამართალდამცავები აკონტროლებენ და მოძრაობა იქ მკაცრად შეზღუდულია.
კიდევ ერთი გზა სამხრეთით ენგურის ხიდზე გადის და იგი რუსი სამშვიდობო ძალების
მიერ კონტროლდება.  


დღესვე თბილისში პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კოდორის და სვანეთის
წარმომადგენლებს შეხვდა და კოდორის ხეობაში არსებული ვითარება განიხილა. შეხვედრა
პარლამენტის თავმჯდომარესა და სვანეთის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი
დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სვანები მოუწოდებენ ხელისუფლებას კვიციანთან
მოლაპარაკებები გამართონ და თავი შეიკავონ კოდორის ხეობაში ძალის გამოყენებისგან.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 ივლისს გამორიცხა კვიციანთან მოლაპარაკებები და
პირობა დადო, რომ აღმოფხვრიდა ნებისმიერ ქმედებას ქვეყნის “ერთობისა და
სახელმწიფოებრიობის“ წინააღმდეგ.


“ერთადერთი რაზეც შემიძლია მოველაპარაკო მე კვიციანს და მის ბანდას – თუ ისინი
იარაღს ჩააბარებენ – იმაზე როგორი საკნები ექნებათ მათ მეხუთე იზოლატორში
თბილისში”, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)