კოდორის ხეობა. ფოტო: გაეროს დამკვირვებელთა მისია. |
კოდორში საომარი მოქმედებების განხორციელებისთვის ურთულესი რელიეფია – მაღალმთაგორიანი, ტყით დაფარული მასივებით და ხშირი ხრამებით, განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადამდგარმა პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ.
“ამიტომაც იქ მძიმე ტექნიკის გამოყენება გამორიცხულია. შესაძლებელია მხოლოდ ავიაციის, სამთო მომზადების ბატალიონებისა და არტილერიის გამოყენება, თუმცა ამ უკანასკნელის ჩართვა სპეცოპერაციაში ასევე გამორიცხულია, რადგან იქ მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს“, – განაცხადა მან.
ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად კოდორის ხეობაში “საპოლიციო ოპერაცია“ მიმდინარეობს, რომელიც 25 ივლისს დაიწყო.
მას შემდეგ, რაც შინაგანი ჯარი 2004 წლის ნოემბერში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცდანიშნულების რაზმი დარჩა. სავარაუდოდ, სწორედ ამ რაზმს იყენებს ხელისუფლება კოდორში მიმდინარე ოპერაციის დროს.
“თუმცა იქ თავდაცვის მინიტრის [ირაკლი ოქრუაშვილის] ყოფნა და ინფორმაციის სიმწირე მაფიქრებინებს, რომ კოდორში მხოლოდ პოლიციური ძალები არ იმყოფებიან“, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცრებიც არიან ჩართულები.
ბარბაქაძის განცხადებით, როდესაც მიმდინარეობს საპოლიციო ოპერაცია, არსებობს მედიის ცენზურის დონე, მაგრამ არა იმ მასშტაბის, როგორც ეს არის კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენების დროს.
სვანეთის რეგიონში მდებარე სოფელი ხაიში, რომელიც თვითგამოცხადებულ აფხაზეთს ესაზღვრება, ცოტა ხნის წინ ქართველი ჟურნალისტების ბაზა გახდა, რადგანაც მათ კოდორისკენ მიმავალ გზაზე არ უშვებენ.
“ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების ყოფნა აფერხებს ამგვარ ოპერაციას“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 26 ივლისს.
ბარბაქაძის თქმით, კვიციანის აყვანა ე.წ. „ქირურგიული ოპერაციის“ ეფექტით უნდა მომხდარიყო და დამთავრებულიყო ძალიან მოკლე დროში, თუმცა რეალობაში ეს სხვაგვარად არის, რადგან ამ ტიპის ოპერაციის მთავარი მახასიათებელი – მოულოდნელობის ეფექტი – თავიდანვე დაკარგული იყო.
ემზარ კვიციანს დაქვემდებარებული დაახლოებით 350–კაციანი შეიარაღებული ჯგუფი “მონადირე“ 2002–2005 წლებში თავდაცვის სამინისტროს შენაერთი იყო და სხვა ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად იცავდა ხეობას. “მონადირის“ მებრძოლები დიდი რაოდენობით შეიარაღებას აფხაზეთის კონფლიქტიდან მოყოლებული ფლობენ, თუმცა ოფიციალური სტატუსის მინიჭების შემდეგ მათ დამატებით შეიარაღებაზე, ძირითადად მსუბუქი ტიპის იარაღით, უკვე თავდაცვის სამინიტრო ზრუნავდა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებიდან გამოსვლის შემდეგ მათი განიარაღება არ მომხდარა.
“გაუგებარია ის, თუ რას აპირებს ხელისუფლება ემზარ კვიციანის და მისი მომხრეების გაუვნებელყოფის შემთხვევაში, რადგან ხელისუფლებისადმი განგდომილები ეს ის ხალხია, ვინც კოდორის ხეობა არაერთხელ იხსნა აფხაზური აგრესიისაგან. ცარიელს ვუტოვებთ კოდორს აფხაზებს? თუ ბაზას ავაშენებთ და ამ გზით დავიცავთ ხეობას?“, – აცხადებს ბარბაქაძე.
“მონადირის“ წევრების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. როდესაც ეს შენაერთი თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა, მისი წევრების რაოდენობა 300-400 კაცს შეადგენდა. “იყო პერიოდები, როცა “მონადირის” შემადგენლობა 700 კაცს აღწევდა“, – აცხადებს ბარბაქაძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ კვიციანის ჯგუფის წევრები “კარგად შეიარაღებული“ არიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა “მონადირე“ იარაღითა და საკომუნიკაციო სისტემით მოამარაგა.
ტელეკომპანია “იმედმა“ 23 ივლისს უჩვენა კადრები, რომელზეც ასახულია კვიციანის თანამებრძოლები, რომელთაც კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი იარაღი და ნაღმტყორცნი უჭირავთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)