Site icon Civil.ge

ხელისუფლების ძალები ალყაში მოქცეულ კვიციანს უტევენ






აფხაზეთის რუქა (გაერო).
ფართო ფორმატით სანახავად დააკლიკეთ სურათზე.

კოდორის ხეობაში ხელისუფლების ძალებმა ამბოხებულებს მას შემდეგ შეუტიეს, რაც ემზარ კვიციანმა უარი განაცხადა იარაღის დაყრაზე, იტყობინება ტელეკომპანია “რუსთავი 2“.

ამავე ცნობით, კვიციანი და მისი 60–მდე მხარდამჭერი  კოდორის ხეობის ერთ–ერთ ტყეში არიან გამაგრებულები.

ცეცხლის განახლება მოჰყვა დღის 16 საათზე ულტიმატუმის ამოწურვას, რომელიც შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კვიციანს დანებების თაობაზე წაუყენა.


“რუსთავი 2“–ის ცნობით, ემზარ კვიციანის ადგილსამყოფელთან აფხაზეთიდან ჩაფრინდა რუსული ვერტმფრენი, რომელმაც მეამბოხეებს საკვები და იარაღი მიაწოდა, თუმცა უკან გაფრენას ვერ ახერხებს, რადგან ქართული მხარე ვერტმფრენის წინააღმდეგ ადეკვატური ზომების გატარებას აპირებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის და მისი შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული ანტიკრიმინალური ოპერაცია “რამდენიმე საათში“ დასრულდება.
 
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ განაცხადა, რომ კვიციანის მომხრეთა ერთმა ნაწილმა უკვე დაყარა იარაღი, ხოლო მეორე ნაწილი კვიციანთან ერთად სამართალდამცავებს ალყაში ჰყავთ მოქცეული.
 
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, კვიციანს რაციით ესაუბრა და ულტიმატუმი წაუყენა ერთ საათში დაყაროს იარაღი, თუმცა ეს შემოთავაზება კვიციანმა არ მიიღო. 
 
“ჩვენ ველოდებით, რომ ანტიკრიმინალური ოპერაციის ძირითადი ნაწილი რამდენიმე საათში დასრულდება… მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამხედრო ოპერაციასთან ან ომთან“, – განაცხადა არველაძემ 3 საათზე გამართულ ბრიფინგზე. 
 
მან დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელია დაჭრილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
მანამდე 26 ივლისს ქართული მედია იტყობინებოდა, რომ ოთხი პიროვნება იყო დაჭრილი, თუმცა გაურკვეველი იყო დაჭრილები სამთავრობო ძალებიდან იყვნენ, თუ კვიციანის დაჯგუფებიდან.
 
არველაძემ ასევე განაცხადა, რომ იგი რეგულარულ ბრიფინგებს გამართავს, რათა შეავსოს ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს. ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბაბით კოდორში არ უშვებენ.


“ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების ყოფნა აფერხებს ამგვარ ოპერაციას“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 26 ივლისს.

ცოტა ხნით ადრე ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ პოლიციის ოპერაცია კოდორის ხეობაში მანამდე გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება “იმ პირების სრულ განადგურებამდე, რომლებიც ქვეყნის ერთიანობას ძალისმიერი გზით ეწინააღმდეგებიან“.

“მოვუწოდებ მშვიდობიან მოსახლეობას განერიდონ ბანდიტებს და მათი კონცენტრაციის ადგილებს, რადგან ბანდიტთა ფეხქვეშ მიწა დაიწვება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ დღეს გამართულ პირველ საგანგებო ბრიფინგზე.


მისი თქმით, ხელისუფლების “მთავარი მიზანია“ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და “მათი დახმარება ამ უმძიმეს სიტუაციაში“.

“რუსთავი 2″–ის ინფორმაციით, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მოუწოდა კოდორის ხეობის სოფელ აჟარის მოსახლეობას დატოვონ ტერიტორია, რადგან აჟარაში სპეცოპერაცია იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)