Site icon Civil.ge

საქართველო არ არღვევს 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ ხორციელდება საპოლიციო ოპერაცია ამბოხებული კრიმინალების ჯგუფის წინააღმდეგ “კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით“. 


სამინისტრო 26 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველო არ არღვევს 1994 წლის 14 მაისს ხელმოწერილ “შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ”.


“საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული შეთანხმება არ ზღუდავს კოდორის ხეობაში საპოლიციო ძალების ყოფნას და მართლწესრიგის დაცვის მიზნით საქართველოს ამ კუთხეში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.


საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს, რომ საპოლიციო ოპერაცია არ გავრცელდება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაზეც  სპეციალური წარმომადგენლების დონეზე დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ხორციელდება კონტაქტი არსებული ვითარების განმარტების მიზნით.


საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კონსულტაციებს მეზობელი ქვეყნების, გაეროს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან კოდორის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)