თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმმა შესაძლოა მოლაპარაკებები შეწყვიტოს თბილისთან, თუ ქართული მხარე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას კოდორის ხეობაში განათავსებს.
“ჩვენ დღეს განვიხილავთ საქართველოსთან ყველანაირი მოლაპარაკებათა პროცესის შეწყვეტის საკითხს. საქართველო დღეს ყველა ადრე მიღწეულ შეთანხმებას არღვევს“, – განუცხადა 28 ივლისს “ინტერფაქსს“ სერგეი ბაღაფშმა.
მისი თქმით, სოხუმი კოდორის ხეობაში აფხაზეთიდან დევნილი მთავრობის განლაგების შემთხვევაში “ადეკვატურ ზომებს“ მიმართავს.
“ჩვენ ვიტოვებთ უფლებას არ დავუშვათ მარიონეტული მთავრობის განლაგება კოდორის ხეობაში. მე არ გამოვრიცხავ ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენებას, მათ შორის დიპლომატიურის და ძალისმიერის“, – განაცხადა ბაღაფშმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)