Site icon Civil.ge

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი “თანასწორობის ინსტიტუტს” შეუერთდა

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ, რომელიც მინისტრთა კაბინეტიდან 21 ივლისს ოფიციალური კურსიდან გადახვევის მოტივით დაითხოვეს, 31 ივლისს განაცხადა, რომ უფლებადამცველ ორგანიზაციაში “თანასწორობის ინსტიტუტში“ ერთიანდება.


“ჩვენ უსამართლობისა და უკანონობის გამო გავაკრიტიკებთ ნებისმიერს, ვინც მთავრობაშია“, – განაცხადა ხაინდრავამ.


“თანასწორობის ინსტიტუტი“ ცნობილი გახდა მწვავე კრიტიკით შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებით გამოყენების გამო. ინსტიტუტის აქტივისტებმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით.


“თანასწორობის ინსტიტუტის“ 4 აქტივისტი, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე, 29 ივლისს გაათავისუფლეს 30–დღიანი პატიმრობის შემდეგ, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ სასამართლოს ეზოში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო შეუფარდა. ეს პატიმრობა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დაგმო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)