Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ზაზა გოგავა იმყოფებოდნენ, 3 სექტემბერს იძულებული იყო დაზიანებების გამო ავარიული დაჯდომა განეხორციელებინა, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსური შეარაღებული დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს გორის საარტილერიო ბაზაზე ინციდენტიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ განუცხადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ჩვენი თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენს, სადაც ვიმყოფებოდი მე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც სენაკის [სამხედრო ბაზის] მიმართულებით მიფრინავდა, ცეცხლი გაუხსნეს, რა თქმა უნდა ესენი იყვნენ ოსური შეიარაღებული ბანდ-ფორმირებები”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მან ასევე განაცხადა რომ ბოლო დროს ოსური მხარე ”ძალიან მიეჩვია” განცხადებების კეთებას იმის თაობაზე რომ თითქოს ქართული ვერტმფრენები მათ ე.წ. საჰაერო სივრცეს არღვევენ.
”იდეაში და ბუნებაში სამხრეთ ოსური საჰაერო სივრცე არ არსებობს”, – დასძინა მან.
”მინდა ყველა შეეგუოს, რომ ამ ბანდიტების პარპაში ძალიან მალე, ერთხელ და სამუდამოდ იქნება დამთავრებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ვერტმფრენის მისამართით იქნა ცეცხლი გახსნილი. რამოდენიმე დღის წინად ანალოგიურ შემთხვევას ქონდა ადგილი,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ამასობაში, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა თავის ვებ-გვერდზე 3 სექტემბრის საღამოს გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამია რომ ქართული ვერტმფრენი ოსურმა შეიარაღებულმა ძალებმა ზნაურის რაიონის სოფელ ისაკიკაუსთან “ჩამოაგდეს” დაახლოებით 15 საათსა და 40 წუთზე.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენმა რეაგირების გარეშე დატოვა ოსური მხარის რამოდენიმე გაფრთხილება. იმის გამო რომ სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებმა მასიური ხასიათი მიიღეს – ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 240 მსგავსი ფაქტი განხორციელდა – ოსურმა მხარემ გადაწყვიტა ადექვატური ზომებისთვის მიემართა. ვერთმფრენი ჩამოგდებულ იქნა ზნაურის რაიონის სოფელ ისაკიკაუსთან,” – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)