შინაგან საქმეთა მინიტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია იგორ გიორგაძის პარტია სამართლიანობისა და მისი სატელიტი პარტების 29 ლიდერი და წარმომადგენელი.
მინისტრის განცხადებით, დაკავებულებს, რომელთა შორის არიან კონსერვატორულ-მონარქისტული პარტიის ლიდერი თემურ ჟორჟოლიანი; მოძრაობა ანტი–სოროსის ხელმძღვანელი მაია ნიკოლაიშვილი, ბრალი წაეყენებათ შეთქმულებაში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით.
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეჭვი, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ ეს ჯგუფები გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას და იგორ გიორგაძის ჩამოყვანას საქართველოში“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 6 სექტემბერს.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა იმუშავა ამ ჯგუფებთან, რათა მოეპოვებინა მათი დანაშაულის საკმარისი მტკიცებულებები.
“დღეს ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რათა ეს ადამიანები მიცემულ იქნენ პასუხისგებაში“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა დღეს დილის 5 საათიდან სპეცოპერაციაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინიტროს 450 თანამშრომელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)