15 სექტემბერს ცხინვალში დაგეგმილი ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს იმ უთანხმოების გამო, რომელიც ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდლის პაატა ბედიანაშვილის გარშემო წარმოიშვა, იტყობინება ქართული მედია.
ბედიანაშვილი ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურად გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარე მას ცხინვალში, სადაც შერეული სამშვიდობო ძალების შტაბბინაა განთავსებული, არ უშვებს იმ მოტივით, რომ ბედიანაშვილი 2004 წლის ზაფხულში “სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის ორგანიზატორთა და აქტიურ მონაწილეთა შორის იყო“.
“ჩვენ გუშინ შევათანხმეთ დღის წესრიგი, რომლის პირველი საკითხი არის იმ მოვლენების განხილვა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ხდება. განსაკუთრებით ეს არის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტი, შეტაკება, როდესაც პოლიციელები დაიხოცნენ და უამრავი სხვა საკითხი… სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ ჩვენი დელეგაციის წევრების უსაფრთხოების გარანტიები. კერძოდ, აქ საუბარია ჩვენ [შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის] სარდალზე [პაატა ბედიანაშვილზე], რომელმაც თავისი განცხადება უნდა გააკეთოს პირველ საკითხთან დაკავშირებით [შსკ-ს სხდომაზე]“, – განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ ჟურნალისტებს 15 სექტემბერს.
ანთაძის თქმით, ბედიანაშვილი არის ქართული დელეგაციის წევრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებების პირველ რაუნდში მოსკოვში 17-18 აგვისტოს. ცხინვალის სხდომა მოსკოვის მოლაპარაკებების მეორე რაუნდად მიიჩნევა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მხარის უარი ბედიანაშვილის სხდომაში მონაწილეობაზე მიჩნეული იქნება, როგორც “შეხვედრის მიზანმიმართულად ჩაშლა“.
მერაბ ანთაძე სხდომის დღის წესრიგის შეთანხმების მიზნით ცხინვალს 14 სექტემბერს ესტუმრა.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა 14 სექტემბერს, რომ მხარეები შემდეგ დღის წესრიგზე შეთანხმდნენ: 1. შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის მარატ კულახმეროვის მოხსენება კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების თაობაზე; 2. ეუთოს წარმომადგენლების მოხსენება ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების ღონისძიებების თაობაზე; 3. თანამშრომლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის; 4. ერთობლივი ღონისძიებები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შეთანხმებული პროგრამის შემუშავების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)