Site icon Civil.ge

თბილისის საკრებულოს სადავო ადგილს სასამართლო განიხილავს

დღეს რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც თბილისის საკრებულოში მრეწველებისთვის მიკუთვნებული მანდატის “დაბრუნებას“ ითხოვს.


ცესკო–ს გადაწყვეტილებით, 37 წევრიან საკრებულოში რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკს, ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს – ლეიბორისტებსა და მრეწველებს – თითო–თითო მანდატი ერგოთ, დანარჩენი ადგილები მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაიკავეს.


მიუხედავად იმისა, რომ მანდატების გამოანგარიშების კანონით დადგენილი წესით მრეწველებს 0 მანდატი უნდა აეღოთ, ცესკო–მ მათ, როგორც 4% ბარიერ გადალახულ პარტიას, 1 მანდატი მიაკუთვნა, რის შედეგადაც რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკს ერთი მანდატი ჩამოაკლდა.


სასარჩელო განცხადებაში წერია, რომ ბათილად იქნას ცნობილი ცეკოს–ს 9 ოქტომბრის განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც ბლოკის “კუთვნილი“ მეორე მანდატი მრეწველებს მიაკუთვნეს და შედეგად საკრებულოს შემადგენლობაში გოგი თოფაძე ჩაანაცვლოს თინა ხიდაშელმა.


“ჩვენ არანაირი პრეტენზია არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს პრეტენზია საარჩევნო ადმინისტრაციასთან და იმ პოლიტიკურ ელიტასთან, რომელიც იყენებს ცესკო–ს საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.


ამავდროულად, სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართეს ლეიბორისტებმაც, სადაც თბილისის საკრებულოს შემაჯამებელი ოქმის მთლიანად გაუქმებას ითხოვენ.


სასამართლოში შეტანილი სარჩელები დაბრკოლებას არ წარმოადგენს თბილისის ახლადარჩეული  საკრებულოს პირველი სხდომისთვის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ოქტომბერს დანიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)