საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “უკანონოა“ რუსეთის მოლაპარაკებები თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან ღვინის იმპორტის თაობაზე, როცა ქართული ღვინის შეტანა რუსეთის ბაზარზე აკრძალულია და ეს “მნიშვნელოვნად აფერხებს რუსეთის გაწევრიანების პროცესს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში“.
რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა მოლაპარაკებებს მართავს აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ამ რეგიონებში წარმოებული ღვინის რუსეთში შესაძლო იმპორტის თაობაზე.
“რუსეთის ფედერაციის მთავარ სანიტარულ ექიმს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სეპარატისტულ ხელისუფლებასთან საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით განხორციელებული ნებისმიერი შეთანხმება უკანონოა და ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მიერ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის უხეშად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს 13 ოქტომბრის #1716 რეზოლუციას“, – აცხადებს 8 ნოემბერს საგარეო უწყება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ონიშჩენკო რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამტარებელი გახდა საქართველოს მიმართ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)