ფინანსური პოლიციის, საგადასახადო სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის გაერთიანების შემდეგ სახელმწიფო ბიზნესთან ურთიერთობას “პოლიციური მეთოდებით“ განაგრძობს, რადგანაც როგორც ჩანს, ფინანსური პოლიციას მთავარი როლი დაეკისრება ამ ახალ სტრუქტურაში, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილმა გაზეთ “24 საათში“ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.
პარლამენტმა კანონპროექტი ფინანსური პოლიციის, საგადასახადო სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის გაერთიანების შედეგად შემოსავლების სამსახურის შექმნის თაობაზე პირველი მოსმენით 24 ნოემბერს მიიღო. ოპონენტები პროტესტს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ ფინანსურ პოლიციას, რომელიც 2004 წელს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა, ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს.
“გავრცელებული აზრით, სხვებს დიდი უპირატესობით ფინანსური პოლიციის ფრთა დაჯაბნის, ვინაიდან ის გაცილებით ძლიერია და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დანარჩენ ორ დეპარტამენტზე მაკომპრომეტირებელი მასალაც უხვად მოეპოვება… სახელმწიფო მანქანას გაისიდან კიდევ უფრო მეტად სურს ბიზნესზე წნეხის გაზრდა, რათა უკვე 4 მილიარდ ლარზე მეტი სახარჯო ნაწილის მქონე ბიუჯეტი არ გაერღვეს“, – წერს საყევარიშვილი.
მისი თქმით, ორი მთავარი მიზეზი არსებობს, რის გამოც ფინანსური პოლიცია კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების მქონე სტრუქტურა გახდება.
“2007 წლიდან, დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, პრაქტიკულად, ნომინალური ერთეული ხდებოდა საბაჟო დეპარტამენტი. ამ პროცესს საფუძველი წლეულს 1 სექტემბრიდან ჩაეყარა, როდესაც ძალაში ახალი, შემცირებული საბაჟო განაკვეთები შევიდა“, – აცხადებს ექსპერტი.
შედეგად, მისი თქმით, საბაჟო შემოსავლების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული 4,6%-დან 0,7%-მდე შემცირდება 2007 წელს.
მეორე მხრივ, საგადასახო დეპარტამენტი ვერ აგროვებს უფრო მეტ გადასახადებს, რადგანაც არ არის ბევრი ახალი გადამხდელი.
“შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა კვლავაც ფინანსურ პოლიციაზე გადავა, რომელმაც არაერთხელ და ძალზე თვალსაჩინოდ დაადასტურა, რომ ბიზნესმენს ფულს ყველაფრის ფასად დააყრევინებს“, – აცხადებს საყევარიშვილი.
ახალ სამსახურს სამართალდამცავი სტრუქტურის სტატუსი ექნება, რომელსაც ექნება უფლება გამოიძიოს, შეისწავლოს და გაჩხრიკოს ობიექტები და საჭიროების შემთხვევაში, დააპატიმროს ეჭვმიტანილები.
კანონპროექტის მიხედვით, სტრუქტურას შეუძლია გამოიყენოს ეს უფლებები “საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში“.
“მაგრამ იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ მოქმედებდა ხოლმე ფინანსური პოლიცია “საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში“, თუნდაც თბილისში კაფე “ნიკალაში“ განხორციელებული სპეცოპერაციისა და “ბადაგონის“ ღვინის ქარხანაში მოწყობილი ეგზეკუციის გახსენებაც სავსებით იკმარებს“, – წერს საყევარიშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)