სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 8 დეკემბერს საქმის განხილვა დაიწყო.
2006 წლის ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილ უფროსი გია ალანია დაადანაშაულა იმ დაზიანებების მიყენებაში, რამაც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება გამოიწვია და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე დეპარტამენტის კიდევ სამ თანამშრომელს 7-7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ყოფილი პოლიციელების ადვოკატები ახლა მსჯავრდებულთა გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო პროკურორები მათი განაჩენის ერთი წლით გახანგრძლივებას მოითხოვენ.
გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ გირგვლიანის “დასჯა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკვეთით მოხდა, რომელთაც ყური მოკრეს, თუ როგორ ლანძღავდა მათ გირგვლიანი “შარდენ –ბარში”. თუმცა, პროკურორები აცხადებენ, რომ გირგვლიანის მკვლელობა მსხვერპლსა და მსჯავრდებულებს შორის სპონტანური კამათის შედეგი იყო.
შავგულიძის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთებად მოიაზრებიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, შსს–ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე (ორივე მათგანი მარტში საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად თანამდებობიდან გადადგა), შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და ასევე შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია.
“მე ვითხოვდი სასამართლო მოსმენაზე ყველა იმ მტკიცებულების შესწავლას, რომელსაც შესაძლოა დაედასტურებინა ამ პირების მონაწილეობა საქმეში, თუმცა მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რაც მაიძულებს ვივარაუდო, რომ საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს იმ მტკიცებულებების გამოაშკარავებას, რომელთაც შესაძლოა დაამტკიცონ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი მკვლელობის საქმესთან“, – განუცხადა შავგულიძემ ჟურნალისტებს.
სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენს, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამოაცხადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)