Site icon Civil.ge

ქართული პრესა გაზის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე

25 დეკემბერს ქართული პრესა აქტიურად განიხილავს მომავალ წელს საქართველოსთვის გაზის მოწოდების საკითხს, რაშიც ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 24 დეკემბერს დაადასტურა, რომ მან თავის თურქ კოლეგასთან ანკარაში ხელი მოაწერა შეთანხმებას შაჰ–დენიზის პროექტში თურქეთის წილიდან 800 მლნ კუბამეტრი გაზის მიღების თაობაზე. ამას დაემატება საქართველოს კუთვნილი 250 მლნ კუბამეტრი ბუნებრივი აირი. თუმცა გილაურმა გაზის ფასის დასახელებაზე უარი განაცხადა. მოსალოდნელია, რომ ფასი  25 დეკემბერს ბაქოში პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტის შედეგად გახდება ცნობილი.


იმავდროულად, საქართველოში მოქმედმა სამმა კომპანიამ უკვე გააფორმა კონტრაქტები “გაზპრომთან“ 2007 წელს მთლიანობაში 1,1 მლრდ კუბამეტრი გაზის ათას კუბამეტრზე 235 აშშ დოლარად შეძენის თაობაზე. ამდენად, რუსული და შაჰ–დენიზის გაზის მთლიანი მოცულობა  – 2,25 მლრდ კუბამეტრი – უფრო მეტია, ვიდრე საქართველო გეგმავს მოიხმაროს 2007 წელს. 22 დეკემბერს ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველო იძულებულია ისევ რუსული გაზი იყიდოს იმის გამო, რომ შაჰ–დენიზის გაზსადენზე ტექნიკური პრობლემებია.


კვლავ რუსული გაზის მოხმარების თაობაზე გადაწყვეტილება მოჰყვა საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებებს, რომ თბილისი არ აპირებს “პოლიტიკური ფასი“ უხადოს “გაზპრომს“.


25 დეკემბერს გაზეთი “24 საათი“ აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გაზის მომარაგების და ენერგოუსაფრთხოებისათვის მაქსიმუმი გააკეთა, საქართველოს ხელმძღვანელობის “ამბიციურმა რიტორიკამ და ნაჩქარევმა განცხადებებმა“ რუსულ გაზზე უარის თქმის თაობაზე, “ის წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენა“.


“რომ არა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა, რომელმაც რუსულ გაზზე სრული უარის თქმა გამოაცხადა, მოლაპარაკებები მომავალ წელს საქართველოს გაზმომარაგების თაობაზე შეიძლებოდა წარმატებულად მიჩნეულიყო…. ხელისუფლებამ საზოგადოებაში თავიდანვე მცდარი მოლოდინი შექმნა  – რომ შესაძლებელი იქნებოდა 230 დოლარიან რუსულ გაზზე უარის თქმა და ქვეყნის სხვა, გაცილებით იაფი გაზით მომარაგება.  იმ მომენტისათვის, როცა საქართველომ “პოლიტიკური ფასის გადახდაზე“ დემონსტრაციულად თქვა უარი, წინასწარი მოლაპარაკებაც კი არ არსებობდა სხვა მომწოდებლებთან“, – წერს “24 საათი“.


გაზეთი “რეზონანსი“ გაცილებით სკეპტიკურად არის განწყობილი ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებაში საქართველოს ხელისუფლების “წარმატების“ მიმართ.


გაზეთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზურაბ ნოღაიდელის განცხადებას “ტექნიკური მიზეზებით“ შაჰ–დენიზის გაზის მიღებაში შეფერხებების თაობაზე და აცხადებს, რომ ეს იყო მხოლოდ წინაპირობა იმის გასამართლებლად, რომ გრძელდება რუსეთის გაზზე დამოკიდებულება და ნამდვილი მიზეზი იყო მთავრობის წარუმატებლობა, რომელმაც ვერ მიაღწია სასურველ შეთანხმებას შაჰ–დენიზის კვოტების გადანაწილებასთან დაკავშირებით.


“მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური გუნდის რამდენიმეთვიანი მოგზაურობის შედეგი გაურკვეველია. უფრო ზუსტად, მთავრობა მოლაპარაკებებისათვის მზად არ აღმოჩნდა… ისიც კი გაურკვეველია როგორი იქნება რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის პირობები“, – წერს “რეზონანსი“.


“რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველო არ აპირებდა პოლიტიკური ფასის გადახდას გაზში, შეცდომაში შეიყვანეს ნოღაიდელმა და გილაურმა, რომ გაზთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ნორმალურად მიდიოდა.


“სააკაშვილი ანკარაში დარწმუნდა, რომ მინისტრების ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერებოდა. თუ არა სააკაშვილის პირადი შეხვედრები თურქეთის ხელისუფლებასთან, დღეს უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით და საერთოდ გაზის მიღების შანსიც აღარ გვექნებოდა“, – განუცხადა ხუხაშვილმა “რეზონანსს“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)