Site icon Civil.ge

ბეჟუაშვილი: კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია

საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება და ამ მიზნით საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია რჩება, განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 2006 წლის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. 


“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა. შესაბამისად საგარეო პოლიტიკის პირველი სტრატეგიული მიზანიც ამ საქმისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაა. შემუშავდა კონფლიქტების მოგვარების ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სამშვიდობო გეგმების განხორციელების ხელშეწყობას“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს “ჩვენ თანამოქალაქეებთან, აფხაზებთან და ოსებთან უშუალო დიალოგი“.


“ეს დიალოგი უნდა წარიმართოს გაეროს და ეუთოს პატრონაჟით და დაბალანსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების და ოპერაციის ფორმატის შეცვლა არ გულისხმობს რაიმე ახლის მოგონებას, არამედ საუბარია უკვე არსებული, მაგრამ მივიწყებული მექანიზმების გააქტიურებაზე“, – დასძინა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


მინისტრის თქმით, 2006 წელს საგარეო პოლიტიკაში “მნიშვნელოვანი წინსვლა“ იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, კერძოდ ნატოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყება და ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 5–წლიანი გეგმის ხელმოწერა.


გელა ბეჟუაშვილმა წარმატებული უწოდა ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რომლებთანაც გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციის კუთხით.


2006 წელს რუსეთთან ურთიერთობების უკიდურესად გამწვავების ფონზე, მინისტრმა “პოზიტიური“ უწოდა საქართველოდან რუსი სამხედროების გაყვანის პროცესს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)