გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მილიციის უფროსი ალიკ ხიშბა 26 დეკემბერს მოკლეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლება.
ერთი დღით ადრე კი გალის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბა იმსხვერპლა სოფელ ჭუბურხინჯში მანქანის აფეთქებამ.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ “აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ალიკ ხიშბა ოტობაიას მილიციის შენობაზე ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლეს. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ხიშბას გვამი საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ განმუხურში მიატოვეს. აფხაზმა სამართალდამცავებმა ხიშბას გვამი სწორედ განმუხურში აღმოაჩინეს.
თუმცა ქართული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ ხიშბა მოკლეს მაშინ, როცა ის ოთარ ტურნანბას გარდაცვალების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.
აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, “ტერორისტული აქტების“ სერია ქართული სპეცსამსახურების მიერ არის მოწყობილი, რაც მიუთითებს, რომ “საქართველო ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ“.
მისი თქმით, გალის მილიციის თანამშრომლებზე თავდასხმებამდე ცოტა ხნით ადრე, ზუგდიდს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სტუმრობდა.
“საქართველოს სპეცსამსახურებმა ქართული პარტიზანული ჯგუფები იარაღით მოამარაგეს. ეჭვი არ გვეპარება, რომ გალის რაიონში უკანასკნელი ტერაქტები საქართველოს ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული“, – იუწყება 26 დეკემბერს “ინტერფაქსი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)