Site icon Civil.ge

პარლამენტმა 6 ახალი ელჩი დაამტკიცა

დღეს საქართველოს პარლამენტმა ექვსი ახალი ელჩი დაამტკიცა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან დუჩიძე უხელმძღვანელებს. მან მაია ფანჯიკიძე შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილება ვადა პარლამენტმა დღეს შეუწყვიტა.

საფრანგეთში საქართველოს ახალი ელჩი და  იუნესკოში მუდმივი წარმომადგენელი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მამუკა კუდავა გახდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ნათია ჯაფარიძე შეცვალა.

საელჩოების გაყოფის გამო თანამდებობა დატოვა ასევე ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით აფციაურმა, რომელიც დღესვე დაამტკიცა პარლამენტმა ლიტვაში საქართველოს ელჩად.

სალომე სამადაშვილი, რომელიც ბენილუქსის ქვეყნებსა და ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენელი იყო, ელჩის თანამდებობაზე რჩება, თუმცა ის ჰოლანდიას აღარ დაფარავს.

ასევე საელჩოების გაყოფის გამო ეკატერინე მიქაძე, რომელსაც ელჩის თანამდებობა ეკავა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და გაერთიანებულ არაბთა საემიროში, საქმიანობას იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყსა და ლიბანში გააგრძელებს.

ქუვეითში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გოჩა ჯაფარიძეს უყარეს დღეს კენჭი.

დღესვე პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის გამოწვევის საკითხს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)