აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრი ატარებს სადამსჯელო ოპერაციას გალის რაიონის მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ, ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 28 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული მხარის ცნობით, გალში დამატებითი ძალების შეყვანა საპასუხო რეაქციაა იმ თავდასხმებზე, რომლებმაც ბოლო დროს სამი აფხაზი მილიციელის, მათ შორის გალის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილის ოთარ ტურნანბას სიცოცხლე შეიწირა. სოხუმმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმების უკან თბილისი დგას, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ინციდენტებთან კავშირი უარყო.
სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ მოუწოდა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიასა და ეუთოს რეაგირება მოახდინონ გალში მიმდინარე მოვლენებზე. ამავდროულად კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგისთვის.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები “თავს ვერ ან არ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობებს”.
აფხაზური მხარე აცხადებს, რომ გალის რაიონში აფხაზი სამართალდამცავები ადგილობრივი მოსახლეობის დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით საგანგებო ზომებს ახორციელებენ.
“ისინი, ვისაც დოკუმენტები არ აქვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა სოხუმის ოფისის წარმომადგენლის თანდასწრებით მათი პირადობა დგინდება. თუ დაკავებულები კავშირში არ არიან რაიმე სახის კრიმინალურ ან დივერსიულ ჯგუფებთან, მათი პირადობის დადგენის შემდეგ უშვებენ სახლში. არავის უფლებები არ ირღვევა”, – განუცხადა “აფსნიპრესს” რუსლან ქიშმარიამ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა გალის რაიონში.
“არანაირი სადამსჯელო ოპერაცია რაიონში არ ტარდება”, – დასძენს იგი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)