თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლებამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სოხუმი უარს ამბობს ჭუბურხინჯის ტრადიციულ ოთხმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
ქართული მასმედიის საშუალებები იუწყებოდნენ, რომ აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე, რომელიც 11 იანვარს ჭუბურხინჯში არის დანიშნული.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 იანვარს განაცხადა, რომ ჭუბურხინჯში შეხვედრა 2 ნოემბრის შემდეგ არ გამართულა ქართული მხარის უარის გამო, იუწყება “აფსნიპრესი“.
ჭუბურხინჯის ყოველკვირეულ შეხვედრაში ტრადიციულად მონაწილეობენ ქართული და აფხაზური მხარეები და ასევე რუსი სამშვიდობოებისა და გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რათა მიმოიხილონ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენები.
“გვჯერა, რომ ეს ფორმატი ძალიან ეფექტურია კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად… და ჩვენ მოვუწოდებთ ამ ოთხმხრივი შეხვედრების განახლებისაკენ“, – განაცხადა სერგეი შამბამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)