თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულმა მთავრობამ 10 იანვარს განაცხადა, რომ ის შეიძენს მანდარინს იმ ოსი ვაჭრებისგან, რომელთაც ვერ შეძლეს თავიანთი პროდუქციის რუსეთში გაყიდვა.
ეს განცხადება სოფელ ქურთაში განლაგებული ე.წ. ალტერნატიული მთავრობის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
ოსი ვაჭრების მიერ დასავლეთ საქართველოში შეძენილი მანდარინით დატვირთული 60-მდე სატვირთო ავტომანქანა ჩრდილოეთ ოსეთის ქვემო ზარამაგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე არ გაუშვეს, რათა მათ რუსეთის ფედერაციაში გაეყიდათ მანდარინი, სადაც ჯერ ისევ ძალაშია რუსეთის აკრძალვა ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე. 9 იანვარს სატვირთო ავტომანქანების მძღოლები იძულებული გახდნენ ცხინვალში დაბრუნებულიყვნენ.
“ვითვალისწინებთ რა ამ რთულ სიტუაციას, ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა დაეხმაროს მეწარმეებს სამხრეთ ოსეთიდან და იყიდოს მათგან მანდარინის მთელი პარტია საბითუმო ფასად“, – განაცხადა ალტერნატიული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ურუზმაგ ქარქუსოვმა 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ალტერნატიული მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კოტე კევლიშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა შეისყიდის მანდარინს ოსი ვაჭრებისგან, რომლის საერთო რაოდენობაც 500-600 ტონას შეადგენს და რომლის შესყიდვასაც 3 მილიონი ლარი დასჭირდება.
“ხოლო შემდეგ გადავწყვეტთ რა ვუყოთ შეძენილ მანდარინს“, – განაცხადა კევლიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ამ ინიციატივის დაფინანსების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
ცხინვალის ხელისუფლებამ უკვე დაადანაშაულა საქართველოს “სპეცსამსახურები“ ქვემო ზარამაგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე წარმოშობილი კრიზისის პროვოცირებაში. თვითგამოცხადებული რეგიონის მთავრობის ვიცე–პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ცხინვალის ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
იგი ასევე მიესალმა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ოსი ვაჭრების ქვეყანაში არ შეშვების თაობაზე. “ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალულია [რუსეთში] და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)