Site icon Civil.ge

ქართულ ბაზარზე ახალი მობილური ოპერატორი შემოდის

უახლოეს თვეებში საქართველოში მობილური სატელეფონო ოპერაციების განხორციელებას დაიწყებს კომპანია "მობიტელი“, რომლის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელია რუსული საერთაშორისო ოპერატორი VimpelCom-ი, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა 23 იანვარს.

"ამჟამად, მიმდინარეობს სატარიფო პოლიტიკის დადგენა. მოლაპარაკებები საქართველოს ბაზარზე მოქმედ, ფიქსირებული და ფიჭური კავშირგაბმულობის სხვა კომპანიებთან იმართება“, – იტყობინება გაზეთი "24 საათი“ რომან კალინინის "მობიტელის“ გენერალური დირექტორის სიტყვებზე დაყრდნობით. 

"მობიტელი“ მესამე მობილური სატელეფონო ოპერატორი იქნება საქართველოში "ჯეოსელისა" და "მაგთიკომის" შემდეგ, რომელთაც ქვეყნის ბაზრის 55% და 45% უკავიათ, შესაბამისად.

"როგორც უცხოური გამოცდილება ცხადყოფს, მესამე ოპერატორის გამოჩენა ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს იძლევა“, – განაცხადა VimpelCom-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი ავდეევმა.

გაზეთი "24 საათი“ წერს 24 იანვარს, რომ ძნელი სათქმელია, თუ რამდენი აბონენტის გადაბირებას მოახერხებს ხსენებული კომპანია საქართველოში, მაგრამ ქვეყანაში უკვე არსებული ორი ვეტერანი კომპანია მაინც უნდა მოემზადოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებისთვის, მას შემდეგ რაც "მობიტელი“ ფუნქციონირებას დაიწყებს.   

გაზეთი ასევე ვარაუდობს, რომ ახალი ოპერატორის გამოჩენას ქართულ ბაზარზე ტარიფების შემცირება მოყვება. 

რუსულმა კომპანია "ვიმპელკომმა“ ივლისში ქართული ციფრული ოპერატორის "მობიტელის“ აქციების 51% შეისყიდა 12.6 მილიონ აშშ დოლარად. "მობიტელი“, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, თუმცა აქამდე უმოქმედო იყო, GSM-1800 ციფრული ლიცენზიების მფლობელია.

ოქტომბერში მიღწეული შეთანხმების თანახმად, "ალკატელი“ საქართველოში "ვიმპელკომის“ შვილობილ კომპანიას "მობიტელს“ GSM/GPRS/EDGE სისტემებით მოამარაგებს, რაც მობილური სატელეკომუნიკაციო ქსელის საქართველოს მასშტაბით განვითარებას ისახავს მიზნად. 

საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2005 წელს საქართველოში მოქმედი მობილური სატელეფონო ოპერატორების შემოსავლები 70 მილიონი ლარით გაიზარდა და 425 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რიცხვმა 2005 წელს ერთ მილიონს გადააჭარბა და 1 მილლიონ 174 ათასი შეადგინა. 2006 წლის მონაცემები ჯერჯებით არ გამოქვეყნებულა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)