Site icon Civil.ge

მთავრობა Energy-Pro–ს ენერგოობიექტებს მალე გადასცემს

ჩეხური კომპანია Energy-Pro და საქართველოს მთავრობა სულ მალე დაასრულებენ მუშაობას ენერგეტიკის დარგში ყველაზე მასშტაბურ საპრივატიზაციო გარიგებაზე, განაცხადეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 24 იანვარს. როგორც ჩანს, გარიგების საწყისი პირობები გადაიხედა.      


2006 წლის ივნისში საპრივატიზაციო ტენდერში გამარჯვების შედეგად ჩეხურმა კომპანიამ Energy-Pro გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის, აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის, ასევე ექვსი ჰესის: ძევრულჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესი, შაორჰესი, რიონჰესი და აწჰესის შესყიდვის უფლება მოიპოვა 312,3 მილიონ აშშ დოლარად. თუმცა, საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის საბოლოო შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, რამაც გამოიწვია ვარაუდები იმის თაობაზე, რომ გარიგება შესაძლოა ჩაშლილიყო.


ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩეხური კომპანია საქართველოს ბიუჯეტს 132 მლნ დოლარს გადაუხდიდა და ამავდროულად, 175 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა ენერგოგენერაციის და დისტრიბუციის სისტემებში, ხოლო 120 მილიონი აშშ დოლარს ახალი ჰესის მშენებლობაში ჩადებდა.


“სკურპულოზური და დიდი მუშაობა დაჭირდა [Energy-Pro–სთან მოლაპარაკებებს], მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან კმაყოფილები საბოლოო შედეგებით.  მთავარი არსი რაში მდგომარეობს: ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მიგვეღო 312 მლნ დოლარი ბიუჯეტში, ჩვენ ახლა ვიღებთ  ბიუჯეტში 132 მლნ–ს და თითქმის 300 მლნ–ს ქართულ ენერგეტიკაში“, – განაცხადა გიორგი არველაძემ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.


“კმაყოფილი ვარ მოლაპარაკებების შედეგებით. ძალიან მძიმე სამუშაო შესრულდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, თან იქვე დასძინა, რომ “მხოლოდ იურიდიული, ფორმალური დეტალებია  დასაზუსტებელი” შეთანხმების დასრულებისთვის.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)