Site icon Civil.ge

ანთაძე ცხინვალთან ცეცხლის გახსნას კრიმინალურ გარჩევებს უკავშირებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე  ”უსაფუძვლოს” უწოდებს 28 იანვარს ოსი მილიციელებისათვის ცეცხლის გახსნაში ქართული მხარის დადანაშაულებას და ოსურ მხარეს მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით ორმხრივი დიალოგს სთავაზობს


მერაბ ანთაძის ინფორმაციით,  28 იანვარს ადგილი ჰქონდა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის გარჩევას, რომლის დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად სამი ოსი მილიციელი დაიჭრა, თავდამსხლემებმა კი  მიმალვა შეძლეს. მომხდარში ცხინვალმა ქართული მხარე დაადანაშაულა.


ანთაძის ინფორმაციით, 29 იანვარს ერგნეთის მიმართულებით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სროლები მიმდინარეობდა, თუმცა არავინ დაშავებულა.


მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ქართული და ოსური მხარეები რუს სამშვიდობოებთან და ეუთოს დამკვირვებლებთან ერთად მონიტორინგს აწარმოებენ. 


”ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ] კოკოითის ხელისუფლებაში [მეორე ვადით] მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად დაიძაბა კრიმინალური  სიტუაცია მის მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიაზე და ძალიან ხშირია კრიმინალური გარჩევები… კოკოითი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ სრულიად უსაფუძვლოდ ყველა ეს ინციდენტი გადააბრალონ ქართულ მხარეს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კოკოითის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ უსაფუძვლო ბრალდებები და ორმხრივი ფორმატის ფარგლებში ჩვენ შევუდგეთ იმ სამშვიდობო ინიციატივების განხილვას, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობის მიერ იქნა მიღებული”, – განაცხადა მერაბ ანთაძემ 29 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მერაბ ანთაძის განცხადებით, ქართული მხარე მზად არის შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების არაფორმალურ შეხვედრაშიც მიიღოს მონაწილეობა, რომელიც სავარაუდოდ თებერვლის მეორე ნახევარში შედგება.


”ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია და უფრო მიზანშეწონილია ის [არაფორმალური შეხვედრა] გაიმართოს საქართველოში, თუნდაც ცხინვალში”, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)