მოსკოვს სურს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და ნეიტრალური სახელმწიფო იყოს, განაცხადა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 6 თებერვალს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენცია, რომელიც რუსული საინფორმაციო სააგენტოს ”რია ნოვოსტის” თბილისის ოფისის ორგანიზებით გაიმართა, რუსეთის ელჩის თბილისში დაბრუნებიდან ორი კვირის თავზე შედგა.
”რუსეთს არასოდეს შეუტანია ეჭვი საქართველოს დამოუკიდებლობაში, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტში, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ყველა ერის ინტერესების დაცვით. რუსეთს უნდა იხილოს საქართველო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული და ნეიტრალური სახელმწიფო რუსეთთან მეზობლური ურთიერთობებით”, – განაცხადა კოვალენკომ.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ”უნიკალური შანსი” განახორციელოს ყველა ეს ამოცანა.
”საქართველოს არ ჰყავს მეზობლები, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი და არც არავინ ემუქრება საქართველოს. რუსეთს არ გააჩნია ეგოისტური ინტერესები საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ. რუსეთი მხოლოდ მიისწრაფვის განავითაროს ურთიერთობები ურთიერთხელსაყრელ და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით”, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.
მისი თქმით, მოსკოვს ”აქვს სურვილი აშენოს მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან და დროა საპასუხო ნაბიჯებიც” გადაიდგას თბილისის მხრიდან.
”რას ვგულისხმობთ ამ საპასუხო ნაბიჯებში? პირველ რიგში, საქართველოში უნდა შეჩერდეს ანტირუსული რიტორიკა, რომელიც თითქმის ყოვედღე გვესმის”, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.
მისი თქმით, ორ კვირაზე ნაკლები გავიდა, რაც ის საქართველოშო დაბრუნდა, თუმცა ანტირუსული რიტორიკა კვლავ გრძელდება.
”ჩვენ კვლავაც გვესმის განცხადებები, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მეგობარი, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და სხვა. თბილისში ჩემი ჩამოსვლიდან მეორე დღეს გაჩნდა ამბავი ურანთან დაკავშირებით და ფაქტები ამ შემთხვევის გარშემო სპეციალურად დამახინჯდა. კეთდებოდა განცხადებები, რომ რუსეთს არ სურდა ამ საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობა. ეს არ არის მართალი. მოსკოვი მოუწოდებდა თბილისს შეექმნა პირობები საქმის ერთობლივად გამოძიებისთვის. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დამატებითი მასალები მოითხოვა, რომელიც თბილისმა არ გააგზავნა”, – განაცხადა კოვალენკომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)