Site icon Civil.ge

ოფიციალურმა პირებმა უცხოელ დიპლომატებს კოდორის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი კალაძე და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია 8 თებერვალს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ და მათ ზემო კოდორის ხეობაში არსებული ვითარება გააცნეს.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო.


”ამ ტიპის შეხვედრები ჩვენთან უკვე ტრადიციული გახდა. საკმაოდ დიდია ყოველთვის დიპლომატიური კორპუსის ინტერესი. ვაპირებთ, რომ ამ შეხვედრებს მივცეთ რეგულარული ხასიათი, რათა ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე”, – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.


შეხვედრა წინ უძღოდა 12-13 თებერვალს ჟენევაში გაეროს ეგიდით დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელიც ასევე დაესწრება ჟენევის მოლაპარაკებებს, 1 თებერვალს განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ზემო კოდორის ხეობის ”სრულ დემილიტარიზაციას” მოითხოვს.


ქართული მხარის განცხადებით, ხეობაში მხოლოდ საპოლიციო ძალები არიან განთავსებული, რომლებიც უსაფრთხოებას იცავენ. ზემო კოდორის ხეობაში დეკემბრის შუა რიცხვებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 250 ფორმიანი წარმომადგენლის ყოფნა ზემო კოდორის ხეობაში.


ზემო კოდორის ხეობაში საპოლიციო ძალების ყოფნა ტექნიკური თვალსაზრისით არ არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევა, რომელიც კრძალავს სამხედრო ძალების განთავსებას ხეობაში.


სოხუმი ასევე პროტესტს გამოთქვამს ზემო კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განთავსების გამო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)