ოპოზიციონერი დეპუტატები კერძო საკუთრების უფლების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტის მიღების, მათ შორის საყოველთაო ფინანსურ-ქონებრივი ამნისტიის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდნენ და ასევე მოითხოვეს კერძო არბიტრაჟის დანერგვა.
”ერთიანობაში ეს შეაჩერებს იმ ძალადობას, რომელსაც დღეს აქვს ადგილი… ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკუთრებაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამაგრდეს უფლებები”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა კოკა გუნცაძემ.
”ეს საკანონმდებლო ბაზა, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული, რომ საკუთრება ხელშეუხებელია, მე ვფიქრობ ბევრ ჩინოვნიკს და ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ იმით არის დაკავებული ვის რა წაართვას და ვის რა ჩამოართვას, ხელ-ფეხს შეუკრავს”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დემოკრატიული ფრონტიდან გია თორთლაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატების ეს ინიციატივა ბოლო დროს საკუთრების უფლებების შელახვის გახშირებულმა ფაქტებმა განაპირობა, თუმცა გაჟღერდა მას შემდეგ, რაც 6 თებერვალს პრეზიდენტთან საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საკუთრების უფლების უზრუნველსაყოფად აპირებს უახლოეს ხანში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზოს პარლამენტს.
”ოპოზიციას არ ვურჩევ, რომ პლაგიატს ჰქონდეს ადგილი… არის მთელი რიგი საკითხები, რომელთა მიმართებაშიც შეიძლება დამატებითი კონსულტაციები ჩატარდეს და ახალი საკანონმდებლო რეგულირებები იქნეს შემოღებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)