ოპოზიციური პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სურვლი აქვს კენჭი იყაროს პრეზიდენტად 2008 წლის არჩევნებზე, თუმცა საქართველოს კონსტიტუცია მას ამ უფლებას უზღუდავს.
”მე ვაპირებ, რომ ვიყო საპრეზიდენტო კანდიდატი და დღევანდელ დღეს კონსტიტუციის მიხედვით არა მაქვს უფლება, რომ მივიღო მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში, რატომ? იმიტომ, რომ მე 15 წელი არ მიცხოვრია საქართველოში”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციით, საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.
საფრანგეთში დაბადებულ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2004 წლის მარტში, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნასთან ერთად მიანიჭა. იგი საქართველოში 2003 წელს დაინიშნა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)