თბილისის დეკლარაცია რეგიონული თანამშრომლობის საერთო ხედვის შესახებ
ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შევიკრიბეთ თბილისში, რათა აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის გზაზე ახალი ეტაპის დაწყება.
ვაღიარებთ რა ამ შეხვედრის უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონის საერთო ინტერესების თვალსაზრისით,
ვაცნობიერებთ რა, რომ ეს შეხვედრა მოწმობს ჩვენს მზადყოფნას მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიზაციას და უსაფრთოების განმტკიცებას რეგიონსა და მთლიანად ევროპაში,
ვადასტურებთ რა ჩვენს განზრახვას შევასრულოთ ევროპის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დებულებები და პრინციპები,
ვითვალისწინებთ რა ევრაზიაში ჩვენი რეგიონის სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობას,
ვადასტურებთ რა ჩვენს საერთო სურვილს და მზადყოფნას მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან კეთილმეზობლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებზე დაყრდნობით,
ვაღიარებთ რა, რომ თანამშრომლობისა და ძალისხმევის გზით ჩვენ უკვე გამოვიჩინეთ უნარი და მზადყოფნა დავეხმაროთ ერთმანეთს გამოწვევათა დაძლევაში,
მხედველობაში ვიღებთ რა მსოფლიოში პოზიტიური მიმართულებების განვითარების თვალსაზრისით რეგიონული ინიციატივების უდიდეს მნიშვნელობას,
ვიზიარებთ რა იმ აზრს, რომ ინტენსიური რეგიონული თანამშრომლობა და ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას, სტაბილურობას, დემოკრატიული განვითარებას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას,
ხაზგასმით აღვნიშნავთ რა ჩვენს მზადყოფნას გავაძლიეროთ ძალისხმევა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთქმედების განვითარების მიზნით,
ვადასტურებთ რა თურქეთის, როგორც ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების მწარმოებელი ქვეყნის, მნიშვნელოვან როლს რეგიონსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით,
ხაზგასმით აღვნიშნავთ რა, რომ აზერბაიჯანის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამეზობლო გეგმის იმპლემენტაციას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონისთვის მისი ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით,
მიგვაჩნია რა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთი ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარება წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის საფუძველს,
ვაცხადებთ შემდეგს:
1.დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ბაქო-თბილისი-ყარსი სარკინიგზო მაგისტრალის ‘“აბრეშუმის გზა” პროექტის დაწყებას, რომელსაც გეოსტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. ამ პროექტის იმპლემენტაცია წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოების თვალსაზრისით და ახალ გლობალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ამ გზით, ჩვენ კიდევ უფრო ვსრულყოფთ არსებულ სატრანსპორტო კავშირებს და ხელს ვუწყობთ ევროპასა და აზიას შორის საქონლისა და მგზავრების უფრო უსაფრთხო და სწრაფ ტრანსპორტირებას.
2.ენერგოინფრასტრუქტურის სამი წარმატებული პროექტის ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობის მილსადენი; ჰეიდარ ალიევის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობის მილსადენი და სამხრეთ კავკასიის ბაქო-თბილისი-ერზრუმი გაზის მილსადენი (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) განხორციელების სფეროში ჩვენმა თანამშრომლობამ ევროპას ენერგორესურსების ახალი და მნიშვნელოვანი წყარო შესძინა, რამაც შავი და კასპიის ზღვის რეგიონების როლი და მნიშვნელობა ევროპისა და გლობალური ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გააძლიერა.
3.მზად ვართ ერთობლივად შევიმუშავოთ მტკიცე და თანმიმდევრული მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამივე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას გაზისა და ელექტროენერგიის საიმედო, დროული და კომერციულად მიზანშეწონილი მიწოდების გზით, დეკლარაციაში მითითებული ენერგოინფრასტრუქტურის პროექტების შესაბამისად. ჩვენი ქვეყნების ენერგოსაჭიროებების გათვალისწინებით, მივესალმებით შაჰდენიზის გაზის საბადოს ექსპლოატაციის დაწყებას. მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რაც გაზის საიმედო და სტაბილურ მიწოდებაზე არსებული საერთო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოგვცემს.
4.მხარს ვუჭერთ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის რესპუბლიკამდე, ასევე სხვა შესაბამის პროექტებს, რომლებიც მომავალში მხარეთა შორის ელექტროენერგიის გაცვლის ზრდას შეუწყობს ხელს.
5.ვმუშაობთ რა სხვა დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას, რათა მან შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონები მოიცვას. გვწამს, რომ ეს მოდგომა ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და რეგიონის კეთილდღეობას.
6.გვწამს, რომ ამ პროექტების იმპლემენტაცია და მომავალში განსახორციელებელი სხვა პროექტები ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ინფრასტრუქტურის შექმნას და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.
7.მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მრავალმხრივი თანამშრომლობის დამყარებას, რაც, მიწოდების წყაროების, სატრანზიტო მარშრუტებისა და მოხმარების ბაზრების დივერსიფიცირების გზით, უზრუნველყოფს თანასწორი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.
8.მხარს ვუჭერთ აქტიურ თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში, რეგიონული ორგანიზაციებისა და პროექტების განხორციელების გზით, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას რეგიონსა და მთელს ევროპაში.
9.რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანების, საქონლის, კაპიტალისა და მომსახურების მოძრაობის გაადვილებისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც ასევე ხელს შეუწყობდა ევროპასთან კავშირების განმტკიცებას.
10.გამოვთქვამთ ერთობლივ მზადყოფნას მომავალში ხელი შევუწყოთ მნიშვნელოვანი და კომერციულად მდგრადი თანამშრომლობის განვითარებას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, საერთო ევროპულ ღირებულებებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც მნიშვნელოვანი ბერკეტია რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით.
11.გამოვთქვამთ რწმენას, რომ ამგვარი ინტენსიური თანამშრომლობა გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების შესაძლებლობას რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით, რაც ასევე პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს ევროპაზე.
12.მზად ვართ ახალი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელების გზით კვლავაც ვიზრუნოთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამ მიზნით, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
13.მოვუწოდებთ მეზობელ ქვეყნებს შემოუერთდნენ ჩვენს ძალისხმევას, რაც რეგიონის საერთო პერსპექტივების რეალიზაციას შეუწყობს ხელს.
14.გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიმართ თბილი მიღებისა და ამ შეხვედრის ბრწყინვალე ორგანიზებისთვის.
15.შესრულებულია თბილისში, 2007 წლის 7 თებერვალს, ინგლისურ ენაზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.
თურქეთის რესპუბლიკის საქართველოს სახელით აზერბაიჯანის რესპუბლიკის
სახელით სახელით
წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური