პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შესთავაზა ოპოზიციონერ კანონმდებლებს შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის. ჯგუფი შეიმუშავებს კანონპროექტს, რომელიც საკუთრების უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს უზრუნველყოფს.
”მე გუშინ მქონდა კონსულტაციები პრეზიდენტ სააკაშვილთან… და შევთანხმდით, რომ უკეთესი იქნება, თუ პარლამენტი თავად შეიმუშავებს ამ კანონპროექტს… ამრიგად, ჩვენ მზად ვართ, რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი ამ საკითხზე სამუშაოდ. ინტერფრაქციული ჯგუფი დახურულ რეჟიმში იმუშავებს, საკითხის პოლიტიზირების გარეშე”, – განაცხადა ბურჯანაძემ პარლამენტის სხდომაზე 13 თებერვალს.
ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადებები მედიით ინტენსიურად შუქდება. ეს თემა ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მთელი რიგი კომერციული ფართები დაანგრია, იმ მოტივით, რომ ეს შენობები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ”უმეტეს შემთხვევებში” დანგრეული კომერციული ფართები უკანონო გარიგებების გზით აშენდა, ხელისუფლება მზად არის კომპენსაციები გამოუყოს მესაკუთრეებს, თუ დამტკიცდება სასამართლოს მიერ, რომ მათი ქონება უკანონოდ იქნა დანგრეული.
მან ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო ჯგუფმა უნდა გამოიძიოს საკუთრების უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)