Site icon Civil.ge

ევროპის საბჭოს კომისარი ქურთაში სანაკოევს შეხვდა

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი დღეს სოფელ ქურთაში სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ პრეზიდენტს დიმიტრი სანაკოევს შეხვდა.


ალტერნატიული მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დიმიტრი სანაკოევმა სტუმარს ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური განვითარების გეგმა გააცნო. ასევე  ”ცხინვალის ხელისუფლებისგან გამოწვეულ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ” დოკუმენტალურ მასალა გადასცა.


16 თებერვალს თომას ჰამარბერგი ცხინვალს სტუმრობდა, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.


დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა მას სამხრეთ ოსეთში ქართული მხარის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები გააცნო, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


თომას ჰამარბერგი, რომელიც საქართველოს 12 თებერვალს ეწვია, ასევე იმყოფებოდა სოხუმში და შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. 14 თებერვალს კი ზუგდიდში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან მალხაზ აქიშბაიასთან გამართა შეხვედრა. 


განსხვავებით ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისგან, ევროკავშირის დიპლომატები მეტ სიფრთხილეს იჩენენ თბილისის მცდელობების მიმართ გაზარდოს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლების და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის როლი.   


ევროკავშირის შემსწავლელმა მისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა  ევროკომისიის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და აზიის დირექტორატის დირექტორი ჰიუ მინგარელი და რომელიც საქართველოს და მის თვითგამოცხადებულ რეგიონებს იანვარში ესტუმრა, თავი შეიკავა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლების და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისგან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)